გაუარესებული ეპიდვითარების გამო, პარტია ელენე ხოშტარია - დროა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რომელიც, შესაძლოა, ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს.
გარცელებულ განცხადებაში დროა მთავრობისგან მოითხოვს, გაიხსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ როგორც დარეგისტრირებას, ასევე ვაქცინაციას.
ამასთან, პარტიის წევრები მზად არიან, ნებისმიერ მოქალაქეს ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში დაეხმარონ.
"საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.
პარტია "ელენე ხოშტარია - დროა” მოვითხოვთ ხელისუფლებისგან:
• დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.
• გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის.
მზად ვართ, მოხალისეობისთვის და ნებისმიერ თქვენგანს დავეხმარებით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე - 599 192 277; 598 642 956;
მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და მოახლოებული არჩევნებისა, პარტია “ელენე ხოშტარია - დროა” უარს ვამბობთ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მოვუწოდებთ ყველას, კამპანია ჩავატაროთ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით - პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მთავრობის წევრები აქტიურად არღვევენ მათივე დაწესებულ რეგულაციებს.
მძიმე ეპიდსიტუაციის ფონზე, 7 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა.
ასევე, დღეს მომღერალ თემურ წიკლაურის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც პირველ თებერვალს კორონავირუსით გარდაიცვალა, კულტურის სამინისტრო ხალხმრავალ ღონისძიებას გამართავს.